ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, რაც ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზია

“საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით, 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

„საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით, 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე. ქვეყნები, სადაც აცრილი მოქალაქეების 50%-მდეა, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც საქართველო. ამ ეტაპზე, საწოლფონდის მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არის. უკვე ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან და, რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შედეგადაც ჩვენ შემდეგ საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც მიგვაჩნია გაცილებით მეტად გონივრულად, რათა მოხდეს ინფექციის მაქსიმალური კონტროლი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, მინისტრის თქმით, ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა არსებული ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის მიმართ.

„ვაქცინის ეფექტურობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თუმცა, ის პირები, ვინც დაინფცირდნენ ახალი შტამით, არცერთი არ იყო ვაქცინირებული. აქედან შეიძლება ირიბი დასკვნა გავაკეთოთ. აღინიშნება, რომ შტამი მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ორი მოსაზრება. იმ ქვეყნებში ხანდაზმულების 90% არინ აცრილი. შესაბამისად, შესაძლოა, ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. შესაბამისად, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებაც შეაფასა.

„მიმაჩნია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები მოწოდებასთან დაკავშირებით და ეს კომპეტენტური ორგანოები არიან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ ვაკეთებთ მოწოდებებს. რაც შეეხება საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული, ვინაიდან ისინი ამას რომ არ ზღუდავენ, ეს უკვე არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში შეიძლება, მოწოდებებზეც გადავიდნენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები