„მწვანე პასპორტების“, ვაქცინაციის მარათონისა და 60 წელს გადაცილებულების ფინანსური წახალისების ეფექტი უკვე ვნახეთ, მაგრამ დღეში 25-30 000 ვაქცინირებული გვჭირდება“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მწვანე პასპორტების“, ვაქცინაციის მარათონისა და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ფინანსური წახალისების ეფექტი უკვე ვნახეთ, რაც ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატა. თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა, დღეში 25-30 000 ადამიანი აიცრას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მწვანე პასპორტების“, ვაქცინაციის მარათონისა და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ფინანსური წახალისების ეფექტი ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოში 10 000 -ზე მეტი ვაქცინირებული ადამიანი პირველად დაფიქსირდა. ეს არის სამივე ღონისძიების ეფექტი, მეორე მხარეა, ეს რამდენადაა საკმარისი. დიახ, 10 000 ვაქცინირებული არის 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერაც მეტი, ვიდრე – 15 ნოემბრამდე იყო. მაგრამ რაც ჩვენ გვჭირდება, მით უმეტეს, ამ ახალი გამოწვევის (ახალი შტამის) გათვალისწინებით, დღეში 25-30 000 ვაქცინირებული ადამიანია, ისე როგორც ვაქცინაციის პროცესი აგვისტოში, სექტემბრის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, დღეისათვის ამის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს. „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ვაქცინაციის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო. ბევრი ადამიანი ვაქცინაციის კაბინეტში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მას თავისუფალი დაშვება უნდოდა იმ დაწესებულებეში, რომელიც განსაზღვურულია.

ამასთან, მეორე მხარე გვაქვს: „მწვანე პასპორტის“ სისტემასთან დაკავშირებით გვინდა, რამდენიმე დებულება გადაიხედოს და გვაქვს სურვილი, რომ მისი გამოყენების არეალი უფრო ფართო იყოს, ვიდრე ახლაა. ამას რამდენად გაითვალისწინებენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებლად დაგვჭირდება, ვინაიდან დღეს მიღებული შედეგი საკმარისი არაა იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.

1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, იგივე „კოვიდპასპორტი” ამოქმედდება. მისი მეშვეობით ვაქცინირებულ, ან კოვიდგადატანილ, ან PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის, ანდა 24-საათიან ანტიგენ-ტესტზე უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეს „მწვანე სტატუსი” მიენიჭება.
1-ელი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები – მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები