ექიმი – სააკაშვილზე: შიმშილობის შემდგომი პერიოდის 99% უკვე გავლილი გვაქვს – დღესაც, გარკვეული პარამეტრები გამოსწორებულია
„შიმშილობის შემდგომი პერიოდის 99% უკვე გავლილი გაქვს. გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე. ამიტომაც ვმუშაობდით ამდენი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთად. დღეს 5-მა კაცმა გასინჯა, სამჯერ ვიყავი შესული“, – ასე შეაფასა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მისივე თქმით, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს და არც მეხსიერების პრობლემა აქვს.
„ანალიზები ნელ-ნელა სწორდება. დღესაც გარკვეული პარამეტრები ისე გამოსწორდა, რომ ორ ნუტრიენტს, რომელსაც პრეპარატის სახით ვაძლევდით, უკვე ვხსნით. დღეს ველაპარაკე პაციენტს და მითხრა, რომ მე-18 დაწესებულებაში არანაირად არ ყოფილა უკეთ და აქაა უკეთ. მისი თხოვნით ვარ ყოველდღე აქ, თუმცა, თქვენც კარგად გესმით, რომ შემიძლია, 3 დღეში ერთხელ მოვიდე. ყველაფერი სწორდება ადეკვატურად. ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი არ ავიწყდება, ინტელექტიცა და ანალიტიკური ტვინიც ადგილზეა, მაგრამ არსებობს მენტალური ჯანმრთელობაც. ვინც ნახეს, ვარაუდით ამბობენ, რო მე-18-ში უკეთ იყო. მენტალური ჯანმრთელობის შეფასების კომპეტენცია მხოლოდ ფსიქიატრს, მეტს არავის“, – აღნიშნა ელენე გიორგაძემ.
მისივე თქმით, დღეს, პაციენტი „გაბრაზებული და აფორიაქებული“ დახვდა, შესაბამისად, საჭიროა, დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან სამზე მეტი მნახველი არ შევიდეს.
„ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა ეცლიათ ჩემთვის. თუ თქვენ ამ ადამიანსა და მის სიცოცხლეზე მართლა ზრუნავთ, ცოტა შეეცადეთ და ექიმებს ორი კვირა მოგვეცით, რომ ბოლომდე გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტთანაც ვიყავით მოლაპარაკებული. პაციენტი ნამდვილად არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს. ჩვენ ვთხოვეთ, რომ დღეში 3 ვიზიტორზე მეტი არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის. უბრალოდ, როცა ძალიან ბევრი ვიზიტორია და რომელიმე ვიზიტორი ძალიან დიდხანს რჩება, ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება. ამაში რამე გასაკვირია?!“, – განმარტა ელენე გიორგაძემ.
რაც შეეხება ორშაბათს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხს, ექიმი აღნიშნავს, რომ ზუსტი პასუხის გაცემას კვირას შეძლებს.