საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ყატარის კომპანიის და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ყატარის კომპანიის ,,NASSER BIN KHALED AND SONS TRADING CO“ და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ჰაკერულად შეაღწიეს ყატარის კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლების პერიოდში, კომპანიას 189 465.50 აშშ დოლარი (452 188.5 ლარი) მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულმა ნიგერიის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნეს გამოგონილი პიროვნების გვერდი და კავშირი დაამყარეს ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქესთან. ეს უკანასკნელი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს, რომ მასთან Facebook-ით კომუნიკაციაში მყოფი პირი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში, იემენში დასაქმებული ექიმი, რომელიც გეგმავდა დამსაქმებელთან შრომითი კონტრაქტის გაწყვეტას და უახლოეს მომავალში დაზარალებულთან ოჯახის შექმნას. არარსებული ექიმის თითქოსდა საშვებულებო საკითხების მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრებმა ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, 2020 წლის სექტემბერში, 57 810 ევრო (210 563.72 ლარი) საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს, რასაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ს.ს. „თიბისი ბანკი“-ს სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით, ბრალდებულმა დანაწევრებით განათავსა მის საბანკო ანგარიშზე და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ, რითაც მოახდინა 8100 ევროს (29 767.49 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო მისი თანამზრახველის – საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები