ვაჟა გაფრინდაშვილი – გენადი ბესტაევზე: იზოლატორში ერთად ვიყავით – მთავრობამ უნდა იზრუნოს ყველა მოქალაქეზე, საქართველოს ტერიტორიაზეა ის თუ ოკუპირებულზე
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული და შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, გენადი ბესტაევის მოსანახულებლად ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში წარსულში ასევე ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მივიდა.
გაფრინდაშვილის თქმით, ცხინვალის ციხეში ისინი ერთ იზოლატორში იყვნენ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს და მთავრობის მიზანი უნდა იყოს მოქალაქეებზე ზრუნვა.
“რომ დააკავეს, იზოლატორში ერთად ვიყავით, ისიც ჩემსავით – რაც ეცვა, იმით იყო, მე რაც მქონდა ზედმეტი – მივეცი, რა თქმა უნდა, გავუნაწილე, ისევე, როგორც მე გამინაწილეს სხვებმა. მე როგორც ვიცი, აპენდექტომია გაუკეთეს, მერე იქ, საავადმყოფოში იწვა, ნებისმიერი ავადმყოფი იქ, შეიძლება ითქვას, რომ 90%-ით განწირულია სიკვდილისათვის იმიტომ, რომ არ აქვს საშუალება, მიიღოს კვალიფიციური მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. მე მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთხელ იყო დაკავებული ოკუპანტების მიერ, პირველ ყოვლისა, მღებრიშვილს და გახელაძეს, მხარდაჭერა გამოხატონ. სახელმწიფო უშიშროებას და სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს, მარტო ერთი ადამიანი შიმშილობს თუ არა, სახელმწიფოს და მთავრობის მიზანია იზრუნოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ის საქართველოს ტერიტორიაზეა თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.