ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა ადამიანების წახალისება, რომ უფრო მალე აიცრან
“ჩვენი ამოცანაა ადამიანების წახალისება, რომ უფრო მალე აიცრან”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, რომელიმე დარგის ფუნქციონირების აკრძალვა არ იგეგმება.
“ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას არც ე.წ. კომენდანტის საათი, არც რომელიმე დარგის ფუნქციონირების აკრძალვა. ეს ახალი რეგულაციები არის ის რეგულაციები, რომელსაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ელოდა. სხვათა შორის, თქვენც აშუქებდით ცალკეული ბიზნესის თუ რესტორნის ინიციატივებს, რესტორატორთა ასოციაციიდან იყო რამდენიმე ძალიან საინტერესო განცხადება და თავად ითხოვდა ინდუსტრია, რომ მოდი, მთავრობამ დამატებითი სტანდარტი დაგვიწესეთ, რომ ჩვენ შევამოწმოთ ადამიანები, რომლებიც შემოდიან, რომ ისინი არ არიან საფრთხის მატარებლები. მეტსაც გეტყვით – ველოდებით, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიაროს ზამთრის ტურისტულმა სეზონმა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და ეს დამატებითი რეგულაცია, რომელიც უფრო მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ჩვენი პოტენციური სტუმრებისთვის, ამაში მაქსიმალურად დაგვეხმარება. ამიტომაც, ჩვენი მოკავშირეა ტურისტული ინდუსტრია ამ თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა არა შეზღუდვა და გამკაცრება, არამედ ადამიანების წახალისება, რომ უფრო მალე აიცრან”, – განაცხადა ნათია თურნავამ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას.