„საერთაშორისო ორგანიზაციები და ექპერტები პროგნოზირებენ, რომ ინფლაციური პროცესების შემსუბუქება ზამთრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის ოპტიმისტურ მოლოდინებს იძლევა, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც საერთაშორისო რყევებზე დამოკიდებული სახელმწიფო ვართ“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანგურიძემ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენი საუბრის თემაა ფასების ზრდა. ბუნებრივია, ეს საზოგადოებისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია. ასევე მტკივნეულია იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში ხდება. საქმე გვაქვს პანდემიურ კრიზისთან, რომელიც თითქმის 2 წელია მთელს მსოფლიოში მძვინავრებს. ამან სხვადასხვა მიმართულებით, სექტორალური თვალსაზრისით ბუნებრივი რყევები გამოიწვია. რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ მტკივნეულ ფაზაში გადავიდა, ინფლაციური პროცესები და ფასების ზრდაა, რაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივად მოხდა.
დღეს რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება, ეს ფასების ზრდაა, ნავთობპროდუქტებზე ფასების გაიზარდა, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებია გაზრდილი , პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, ეს ეხება საგზაო, სახმელეთო, სარკინიგზო გადაზიდვებს. ამ ყველაფრმა ერთად, ბუნებრივია, ფასების ზრდაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, მათ შორის ჩვენი რეგიონის , მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში თითქმის 20 %-მდეა ინფლაცია და ფასების ზრდა ასული, უკრაინაშიც საკმაოდ მაღალია – 11%-მდეა, სომხეთში 9 %-მდეა, ეს პროცესები აზერბაიჯანშიც მიდის და ინფლაციის მაჩვენებელი იქაც მაღალია. თუმცა, ყველა ქვეყანაში ფასების ზრდის და ინფლაციური პროცესების ანალიზი ამ ეტაპისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო არ შეგვიძლია, რომ ბევრ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს.
ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ფასების ზრდა იქიდან გამომდინარეცაა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული, რომ სასურსათო პროდუქციის მხრივ, დიდწილად ჯერ კიდევ იმპორტზე ვართ დამოკდიებული. მათ შორის, საკმაოდ დიდი წილი თურქეთისაა, სადაც, როგორც უკვე ვახსენე, ინფლაციური პროცესები საკმაოდ მაღლია. ბუნებრივია, ამის ასახვა ჩვენს ფასებსა და ეკონომიკაზეც თავისთავად მოხდებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით მაინც ვერ ვიაპელირებთ, რომ მაინცდამაინც რაკი თურქეთის ფაქტორია, ჩვენც უძლურები ვართ. ჩვენ ისეთი შესაძლებლობები გვაქვს , რომ გარკვეულწილად, შეგვიძლია, ჩვენი სასურსათო პროდუქციის ნაწილობრივ მაინც თვითკმარ პოზიციაზე გადასვლა მოხდეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ბევრი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც სწორედ პირველადი სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მოყვანას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, გადამამუშავებელი მრეწველეობის თვალსაზირისითაც საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, რა თქმა უნდა ეს საკმარისი არაა და ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ჩვენს მოსახლეობას რაც შეიძლება მინიმუმადე შეუმსუბუქდეს ის წნეხი, რაც ასეთი კრიზისის, ფასების ასეთი ზრდის დროს, შეიძლება მომდინარეობდეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ექპერტები პროგნოზირებენ, რომ ინფლაციური პროცესების შემსუბუქება ზამთრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის ოპტიმისტურ მოლოდინებს იძლევა, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც საერთაშორისო რყევებზე დამოკიდებული სახელმწიფო ვართ“, – განაცხადა ანგურიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არაა.
„რაც შეეხება ლარის კურსს- რაზეც ძალიან აპელირებენ, რომ მოსალოდნელია, მისი გაუფასურება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური პროცესები მაღალია, ვხედავთ, რომ ლარის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. ეს პირდაპირ პროპორციულია იმასთან მიმართებაში, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ მაღლია, რაც, ბუნებრივია, ლარის კურსს ზურგს უმაგრებს, რათა არ დავარდეს და იმ ნიშნულზე იყოს შენარჩუნებული, რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. ამ ეტაპისათვის ლარის კურსის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაახალწლო პერიოდი იწყება და ამ დროს ეკონომიკური პროცესები მეტად აქტიურდება. ასეთი გააქტიურებული პროცესები, კურსის გამყარებას, ან შენარჩუნებას, პირიქით, ეხმარება და ხელს უწყებს. მეორე – ეკონომიკური ზრდის ტენდენცია საკმაოდ პოზიტიური გვაქვს, ეს მეორე ფაქტორია, რაც საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ლარსი კურსის სტაბილურ პოზიციონირებს ხელს შეუწყობს“ – განაცხადა ანგურიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
მათი ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას – მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 -პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
თამუნა შეყილაძე