პაატა იმნაძე: აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის იდეას გულისხმობს, ვერ განხორციელდება, რადგან ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
მისივე თქმით, ყველა სხვა პუნქტში პრეზიდენტს ეთანხმება.
„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ასე რომ, არ მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ, სხვა დანარჩენში, აბსოლუტურად ყველა პუნქტში ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ყველა ის პუნქტი გააჟღერა“, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ აცრა სავალდებულო იყოს რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტი დაწესდეს საჯარო სივრცეებში და, ასევე, განიხილონ ფასიანი მკურნალობის შემოღების საკითხიც აუცრელი ადამიანებისთვის.