განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარება.
„უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ არჩევნების ჩატარებას, როგორც ეუთო-მ შეაფასა, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და კიდევ ერთხელ მივულოცავ როგორც ჩვენს, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ვართ მოწმე, რომ ოპოზიცია ცდილობს, გვაჩვენოს იგივე კინო, რაც შარშან უკვე ვნახეთ. ახლაც გვესმის საუბარი კვლავ ბათილ ბიულეტენებზე და ნახეთ, რომ ბოლო ორი დღეა, ცდილობენ ამით სპეკულირებას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები არის ბევრი, სინამდვილეში საერთო ჯამში არის 3% ბათილი ბიულეტენების, რაც გახლავთ ჩვეულებრივი სტატისტიკა, პირველ ტურში იყო 3,4% ბათილი, შარშან, საპარლამენტო არჩევნებში იყო 3,3% და ასე არის სხვა დროსაც, ეს არის ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილში როცა ამხელ, ამბობენ, რომ აი, ზოგიერთ ოლქში ეს ბათილი ბიულეტენი იმდენია, რომ სხვაობა შეიძლება გადაეფარა, დიახ, ასეც ხდება ხოლმე, მაგალითად, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა წააგეს იმდენი ხმის რაოდენობით, რამდენიც ბათილი ხმებია, ჩვენც წავაგეთ, რადგან ბათილი ბიულეტენები იყო. ამიტომ, ეს სპეკულაცია უნდა დამთავრდეს.
მეორე, ეუთო-ოდირ-მაც აღნიშნა, რომ გადათვლის პრაქტიკა არის ძალიან კარგი, უპირველეს ყოვლისა, იმ კუთხით, რომ მან ნდობა უფრო გააძლიერა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ასევე დაადასტურა პირველი ტურის შედეგები. ახლაც იცით, რომ გუშინ ჩატარდა შემთხვევითი წესით შერჩეული უბნების გადათვლა, 201 უბანი გადაითვალეს უკვე, რაც არის 11% უბნებისა და რა ვნახეთ, რომ მაგალითად თბილისში ამ გადათვლის შედეგად კახა კალაძეს დაემატა 12 ხმა, ხოლო ნიკა მელიას დააკლდა 10 ხმა და, ჯამურად, ეს სხვაობა არის 0,005%, ამიტომ, საუბარი იმაზე, თითქოს დათვლის პროცესში იყო რაიმე უზუსტობები, არის ზედმეტი; იგივე სიტუაციაა ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში, სადაც სხვაობა არის 1-2 ხმა. ეს არის რეალობა. თუმცა, ეს რეალობა არაფერი იქნებოდა და იქნებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომ არა, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კვლავ კვერის დაკვრა ოპოზიციისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ შარშან, გახსოვთ შარშან, 4 ნოემბერს მათი განცხადება, 26 ორგანიზაციის, რომლებმაც მაშინ თავისი ფლანგიდან გარკვეული ლეგიტიმაცია მისცეს, თითქოს ოპოზიციის პროტესტს და გახსოვთ, ისინი საუბრობდნენ დაგვიანებულ გამოცხადებაზე ცესკო-ს მხრიდან, რაც იყო ტყუილი, ისინი საუბრობდნენ უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ, რაც ასევე აღმოჩნდა ტყუილი, საუბრობდნენ პარალელური დათვლის აცდენაზე ცესკო-სთან, რაც არა მხოლოდ ტყუილი აღმოჩნდა, არამედ აღმოჩნდა, რომ სამართლიანი არჩევნები განზრახ უმალავდა საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში ნამდვილ რიცხვებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ვნახეთ ჩვენ გუშინ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის, თუმცა საბედნიეროდ, განსხვავებით შარშანდელიდან, როდესაც 26 ორგანიზაცია აწერდა ხელს, წელს მხოლოდ 16 დარჩა ამ ორგანიზაციებიდან, თუმცა მათ შორის არიან სამართლიანი არჩევნებიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ და რას ვკითხულობთ ამ დასკვნაში, თითქოს ფინანსური უპირატესობა ჰქონდა მმართველ პარტიას და „ქართულ ოცნებას“, არადა, სინამდვილეში, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ პირველი ტური არც კი უწარმოებია „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ბანერს აკრავდა, არც რეკლამას ყიდულობდა ტელევიზიაში, რა ვნახეთ მეორე ტურის წინ? ჩახედეთ ანგარიშებს და ნახავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 200 000 ლარი დახარჯა მხოლოდ ფასიან სატელევიზიო რეკლამაში, მათ შორის მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 20 000-ც კი არ დაუხარჯავს. ასევე, ეს ხელოვნური დისბალანსი რომ არის, ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რას ვკითხულობთ ასევე, ვკითხულობთ, რომ თითქოს ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის ფაქტობრივად წაიშალა, ეს კომიკური რომ არ იყოს განცხადება მათი, კიდევ გავატარებდით, მაგრამ უნდა შევახსენოთ, რომ არათუ ზღვარი წაიშალა, ეს ზღვარი არც არსებობდა, „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობა, ასე რომ ამაზე საუბარი საერთოდ ზედმეტიც არის“, – განაცხდა პაპუაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ სამოქალაქო დაპირისპირებას.
„მესამე, განსაკუთრებით აღმაშფოთებელი არის, როდესაც ამ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ სამოქალაქო დაპირისპირებას თითქოსდა, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ამ ორგანიზაციებს არაერთხელ მოვუწოდეთ, ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის და ამ ორგანიზაციებმა, მათ შორის, თუ გახსოვთ, თითქმის ჩაშალეს პრეზიდენტთან არსებული კომისიის მუშაობა, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს ვირჩევდით, მაშინ როდესაც შეთანხმებულად წინააღმდეგ წავიდნენ ამ კანიდიდატის წინააღმდეგ; მათ ჩაშალეს ცესკო-სთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა და საბედნიეროდ, მმართველი პარტია აღმოჩნდა მაშინ მოწოდების სიმაღლეზე და ცესკოს თავმჯდომარეც ავირჩიეთ და წევრებიც.
აქედან გამომდინარე, მე მათ აღარ მოვუწოდებ, რომ ბოდიში მოუხადონ გიორგი კალანდარიშვილს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, იმის გამო, რომ მათ მოახდინეს მისი დისკრედიტაცია; ამბობდნენ, თითქოს საჯარო მოხელეს არაფერი ესაქმება ცესკო-ში, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოუხდიან, იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.