სანდრო თვალჭრელიძე: რევოლუციური მუხტი არსად იგრძნობა – დაუძახებენ, გამოიყვანენ 20-30 ათას კაცს, აყვირებენ და გაუშვებენ შინ
“რევოლუციას არ ველი. ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ქვეყანაში ხმას მნიშვნელოვანწილად არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ.
“მეორე ტურამდე ინტერვიუში ვთქვი, თითო-ოროლა თემის გარდა, ყველგან “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს-მეთქი და ასეც მოხდა. გეტყვით, რამ მომცა ამის თქმის საფუძველი. საქმე ის არის, რომ თუ გადავხედავდით პირველი ტურის შედეგებს, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში, აშკარად ჩანდა, რამდენად სერიოზული იყო გახარიას პარტიის წილი. დიდწილად ამან გადაწყვიტა მეორე ტურის ბედი, მაგრამ ვვარაუდობდი იმასაც, რომ ეს ამომრჩეველი მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდა ხმას და ასეც მოხდა. გახარიას მხარდამჭერთა ნაწილი ან არ წავიდა არჩევნებზე, ან “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, ამ არჩევნებმა ლაპიდალური სიცხადით გამოავლინა ჩვენი საარჩევნო სისტემის მანკიერება არაერთი მიმართულებით, რაზეც უცხოელმა დამკვირვებლებმაც გაამახვილეს ყურადღება.
მეორე ტურმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ხმას მნიშვნელოვანწილად არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ. როდისმე გინახავთ, ვაკეში ასეთი მაღალი ყოფილიყო ამომრჩევლის აქტივობა? ფაქტობრივად, თბილისში ვაკემ რეკორდი დაამყარა და ეს სწორედ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საწინააღმდეგოდ მიცემული ხმებია. მე ვნახე ძალიან ბევრი უბნის პირველადი მასალები, რაც მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კვლევის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა და ამის საფუძველზე სერიოზული დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. ვურჩევდი კახა კალაძეს, დაინტერესდეს ამგვარი ანალიზით. ჩვენი საარჩევნო სისტემის კიდევ ერთ მანკიერებაზე გავამახვილებ ყურადღებას: მაგალითად, რა აკავშირებდა გიგი უგულავას ფოთთან ან ხატია დეკანოიძეს – ქუთაისთან? წესით, ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ქვეცნობიერ, უჯრედულ დონეზე გრძნობს თავისი ქალაქის პრობლემებს. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ ჩვენში კანდიდატები მხოლოდ პარტიული დღის წესრიგით სახელდებიან და ამომრჩეველიც ხმას ასე აძლევს. ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე არავინ ფიქრობს. ოღონდ კი ის არ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც ჩვენ არ მოგვწონს და წყალსაც წაუღია ყველაფერი. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა.
ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანას არ ადგება. ვფიქრობ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება სრულად მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, გამოავლინონ თავიანთი თავი. ყველაზე კარგი მერი იქნებოდა დამოუკიდებლად მოაზროვნე, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც არანაირ პარტიულ დისციპლინას არ დაექვემდებარებოდა. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, ვისაც ხელეწიფება ქალაქის თავკაცობა, მაგრამ იმიტომ, რომ პარტიამ არ აირჩია, ისინი თამაშგარე რჩებიან. ვიდრე ეს არ შეიცვლება, ჩვენ სულ ასეთი პოლარიზება გვექნება. ამ არჩევნებზე კიდევ ერთი რაღაც გამოჩნდა: ბოლო წლების განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მოსახლეობის 10-12% უჭერდა მხარს, ახლა ეს რიცხვი გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია ან მიხეილ სააკაშვილი ეხატება ვინმეს გულზე – არა! ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აღარ უნდათ. კიდევ ერთიც – პოლიტიკოსის სიტყვამ სულ დაკარგა ფასი. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” დასრულებულიაო. როგორ არის დასრულებული, როდესაც მისმა კანდიდატმა დედაქალაქში ხმების 44% მიიღო, ხოლო პირველ ტურში თითქმის 450 000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა?! თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, არჩევნები გაუქმებულიაო, ანუ მე თუ არ გავიმარჯვე, ყველაფერი უქმდებაო, არადა, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის შედეგები რეალურია. როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი უბნის პირველადი ოქმები ვნახე და თითო-ოროლას გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წევრების ხელმოწერით არის დამოწმებული. კალაძემ 10%-ზე მეტით მოიგო არჩევნები. ეს არ არის პატარა რიცხვი, ამდენის გაყალბება შეუძლებელია და ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არასწორი მგონია. იმ ქალაქებში, სადაც პირველი ტური წააგო “ქართულმა ოცნებამ”, ხედავდნენ, ცუდად იყო საქმე და არნახული მობილიზება გამოაცხადეს, იმუშავეს. შესაძლოა, ამ პროცესში იყო გადაჭარბება, დარღვევები, ადამიანების ნებით მანიპულირებაც, მაგრამ ეს საქართველოა, აქ მსგავსი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და კიდევ კარგა ხანს მოხდება.
რაღა დაგიმალოთ და, რევოლუციას არ ველი. ბევრს კი ლაპარაკობენ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე, მაგრამ მეორე ტურმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ მყარად დგას და ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ. სხვათა შორის, არჩევნების დასრულების შემდეგ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას პირადი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს. ისინი შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ. მოგეხსენებათ, მელიამ ამნისტიაზე უარი თქვა, თუმცა მისი საქმე ამით არ დასრულებულა. “ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევ, ბოლოს და ბოლოს, განახორციელოს ძირეული რებრენდინგი, შეიცვალოს სახელი და ახალგაზრდებს დაუთმონ ასპარეზი. ზოგადად, რევოლუციური მუხტი არსად იგრძნობა, სრული სიმშვიდე იყო ქვეყანაში არჩევნების მეორე დღეს. კი ბატონო, დაუძახებენ, გამოიყვანენ 20-30 ათას კაცს, აყვირებენ და გაუშვებენ შინ. სხვა რა გზა აქვთ, სახელმწიფო უწყებების შტურმს დაიწყებენ? მეეჭვება, თანაც კი ვიცით, რითიც სრულდება ხოლმე ამგვარი შტურმი. საერთოდ კი, ოპოზიციამ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მიშა-მიშას ძახილით, თავისი თავი თვითონ შეჰყავს ჩიხში. ამას წინათ ვთქვი ამ ე.წ. ჩრდილოვან მთავრობაზე, ეს უიმედობის ინიციატივაა-მეთქი. “ნაციონალურ მოძრაობას” მსგავსი რამ რეალურად რომ ნდომებოდა, ამას პირველ ტურამდე გააკეთებდნენ. თან კოალიცია ვის შესთავაზეს? 1-2%-იან პარტიებსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წარმომადგენლებს. ამით “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი არაფერი მიმატებია, პირიქით კი მოხდა. ამ პარტიებმა თვითლუსტრაცია მოახდინეს. ვფიქრობ, მათი დამოუკიდებელი რეიტინგი უფრო შემცირდება. ეს ინიციატივა თავიდანვე განწირული იყო. ქართველი ამომრჩეველი ბეცი არ არის, ის პოლიტიკოსებზე მეტს ხვდება. ეს იყო კოალიციური მთავრობის კარიკატურული იდეა. როგორც წესი, კოალიციურ მთავრობებში პარტიებს მოჰყავთ არაპოლიტიკოსი, პროფესიონალი ადამიანები და არა პარტიების ლიდერები”, – განმარტავს რესპონდენტი.
ჩემი აზრით, დარღვევების თვალსაზრისით, ახალი არაფერი მომხდარა. არც იმაზე მეტი მოსყიდვა თუ ზეწოლა ყოფილა, ვიდრე სხვა არჩევნებზე ხდებოდა. ფიცხი ხალხი ვართ ქართველები, ხშირად წავეკიდებით ხოლმე ერთმანეთს. რასაკვირველია, ეს კიდევ დიდხანს არ დამთავრდება და ამაში თავისი ნეგატიური წვლილი არასწორ საარჩევნო სისტემასაც შეაქვს. ყველაზე არასწორი მგონია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა მთავრობის წევრებს არ უშლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს. ეს არის მახინჯი კანონმდებლობა, რაც შესაცვლელია… პრემიერ-მინისტრისგან და არა მხოლოდ მისგან ბევრი მარგალიტი მოვისმინეთ, მაგალითად, “ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა თვითონ ამტკიცოს, რომ არ არისო”… ან რომ თურმე “თვითმკვლელობის უფლება კანონით გვაქვს მონიჭებული”… ეს ხალხი არ ფიქრობს ქვეყნის შორეულ მომავალზე, უახლოესი მიზნისთვის კი მზად არიან, ამგვარი არაადეკვატური განცხადებები აკეთონ. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე რა იქნება, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ… ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი სულ სხვა იყო ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობისას და სულ სხვაა ახლა. თანაც მას დაუოკებელი ზიზღი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და დიპლომატობაც არ ჰყოფნის – ენაზე რაც მოადგება, ყველაფერს ამბობს. ჯერ იტყვის და მერე ფიქრობს. თვითმკვლელობის შესახებ განცხადების შემდეგ თქვა, სხვა ვთქვი და სხვანაირად გამიგესო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გასაგებად თქვა ყველაფერი. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის მგონია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი დიფამაციის შესახებ. აქ ყველაფერი მოსულა. ჩვენ თუ გვინდა, დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს, უნდა გავიგოთ, რომ დემოკრატია არ არის უმრავლესობის თარეში, ეს არის უმცირესობის აზრის პატივისცემა. ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებასა თუ პარლამენტში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმანეთის მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და კახა კალაძე ცდილობდნენ, მოეთოკათ ეს რიტორიკა და გაწონასწორებულად ელაპარაკათ, მაგრამ მათაც წამოსცდათ არაერთი შემაშფოთებელი და მიუღებელი ფრაზა… ხელისუფლებამაც უნდა დაასრულოს მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ცხოვრება და უფრო აქტიურად დაკავდეს ხალხის პრობლემების გადაჭრით. საერთოდ, ბურუსით არის მოცული, ვინ შემოიტყუა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში: ეს მისი დაუდევრობა და არასწორი პოლიტიკური გათვლა იყო თუ შესაბამისი უწყებების დაგეგმილი სპეცოპერაცია. ჩემი აზრით, ის ასე უბრალოდ ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოვიდოდა. ადამიანი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მზად უნდა ყოფილიყო, რომ დაკავების შემდეგ სატუსაღოში აღმოჩნდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც არ ჰქონდა ახალი რევოლუციის გეგმა. ისე კი, თუ ევროპული სახელმწიფოს აშენების პრეტენზია გვაქვს, კანონი ყველასთვის უნდა აღსრულდეს”, – აცხადებს თვალჭრელიძე.