კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, მეორე ქესალოს სიახლოვეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, სოფ. მეორე ქესალოს სიახლოვეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიურ კვლევებს   ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს. სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელებმა არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან ერთად, უკვე ჩატარებული სამუშაოები და არქეოლოგიური ობიექტის სამომავლო შესწავლის გეგმები განიხილეს.
არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც 2020 წელს დაზვერვითი სამუშაოებისას გამოვლინდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე ქესალოს სიახლოვეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ქარაფის პირას მდებარეობს და თარიღდება V-VI საუკუნეებით. გათხრების წინა ეტაპი, 2023-24 წლებში, შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
„წინასწარი ვარაუდით, კომპლექსი წარმოადგენს ქვემო ქართლის დიდაზნაურის, ერისთავის ან პიტიახშის სასახლეს, რომელიც შედგება ალიზის ბლოკებით ნაგები და კრამიტით გადახურული დიდი დარბაზების, გასასვლელებისა თუ დერეფნებისაგან.
არქიტექტურული თვალსაზრისით სასახლე გარკვეულწილად ჰგავს სასანური პერიოდის ნაგებობებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი დიდი, მე-4 დარბაზი, სადაც შემორჩენილი იყო ორნამენტით შემკული ქვის ბაზები, მე-2 დარბაზის ცენტრში კი აღმოჩენილია ცეცხლის საკურთხეველი, რომელიც თავისი ფორმით ზუსტად იმეორებს დედოფლის მინდვრის წარმართული ტაძრის საკურთხევლებს.
ქრონოლოგიური სხვაობის მიუხედავად, სავარაუდოდ, მეორე ქესალოს სასახლის დარბაზში გამოვლენილი საკურთხეველი ცეცხლის ტაძართან უნდა იყოს დაკავშირებული.
არქეოლოგიური ობიექტის თაობაზე გამოთქმული ვარაუდების დაზუსტება და უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, შემდგომი კვლევების საფუძველზე იქნება შესაძლებელი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები