გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს.

„მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები იზრდება.

საუბარია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული.

„წარმოდგენილი კანონპროექტით, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის მოთხოვნილია სანქციების ზრდა. მათ შორის, დღეს მოქმედი უდაბლესი 200 ლარიანი სანქცია იზრდება 6000 ლარამდე, ხოლო არსებული უმაღლესი 1000 ლარიანი ჯარიმა 30 000 ლარამდე. დაჯარიმებების სტატისტიკა საკმაოდ დიდია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დინამიკაში ეს ტენდენცია კლებადია, რაც მისასალმებელია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

​აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის აღმასრულებელ უწყებად განსაზღვრულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები.

სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილეს.

ცვლილებები კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.

ცვლილების თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები, რომელიც ამჟამად მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს, გაფართოვდება და მასში ვაშლობის ხეობაც მოექცევა, რომელსაც დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3638 ჰექტარით გაიზრდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები