სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, სააკაშვილი სხვა ლოკაციაზე გადაეყვანა, რასაც „ნაცმოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას.
მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.