პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 იანვარს, სენაკში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.