სუდანში არეულობას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 140-ზე მეტი დაშავებულია

სუდანში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქუჩაში გასულ მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეტაკების შედეგად 7 ადამიანია დაღუპული, 140-ზე მეტი დაშავებულია.

25 ოქტომბერს სუვერენული საბჭოს თავმჯდომარე აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა საბჭო დაითხოვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ვითარება სუდანში 24 ოქტომბრის გვიან ღამით შეიცვალა, როდესაც სამხედროებმა ქვეყნის პრემიერმინისტრი საკუთარ სახლში დაატყვევეს და თანამდებობიდან რამდენიმე მინისტრი, მათ შორის, მაღალჩინოსნები გადააყენეს.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პრემიერი დაუდგენელი მიმართულებით არის წაყვანილი.

სუდანში 2019 წლის აპრილში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელიც სახალხო პროტესტმა გამოიწვია ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების დონის დაქვეითების ფონზე. მაშინ პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მოგვიანებით დააპატიმრეს.

იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ფიცი დადო სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელად. სუდანის ახალმა პრემიერმინისტრმა, აბდულა ჰამდუკმა ფიცი 2019 წლის 21 აგვისტოს დადო. სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება შეთანხმდნენ გარდამავალ პერიოდზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის.

გარდამავალი სუვერენული საბჭოს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები