მარიამ ქვრივიშვილი „ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში – “პროექტმა „იმუშავე საქართველოდან” ხელი შეუწყო კოვიდის გამო გაჩერებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას”
„თბილისი ძალიან პოპულარული გახდა პროექტის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავტორიტეტული ბიზნეს – გამოცემა „ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, „ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი Wi-Fi, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია”. ბიზნეს გამოცემამ პროექტის „იმუშავე საქართველოდან” შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის”.
სტატიაში გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. პუბლიკაციის ავტორია რანა გუდი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ პროექტი „იმუშავე საქართველოდან” ამოქმედდა იმ დროს, როდესაც პანდემიის შედეგად ჩაკეტილი იყო საზღვრები და საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ვიზიტორები ვერ შემოდიოდნენ. ამდენად, სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ქვეყანაში უცხოელების ლეგალური შემოსვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ხოლო აპლიკაციით გათვალისწინებულმა მოთხოვნამ მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის ნორმის შესახებ, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლა განაპირობა.
შედეგად, პროექტით „იმუშავე საქართველოდან” ჩამოსულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ემოგზაურათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში, ტურისტულად საინტერესო ადგილებში, რამაც ხელი შეუწყო კოვიდ-ის გამო დაზარალებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამით მთავრობამ შექმნა მოქმედი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები მოეზიდა, რომლებსაც შეეძლოთ ქვეყანაში გრძელვადიანი პერიოდით დარჩენა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი პანდემიის იმ ურთულეს პერიოდში პოზიტიურად აისახა იმ დროს „ჩაკეტილ” ტურიზმზე. “ფორბსის” სტატიაში აღწერილია საქართველოს ტურისტული ადგილები, ბუნება, ისტორიული და კულტურული ძეგლები, კულტურა, ქართული სამზარეულო და ღვინო.
„თუ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა და დიდი ხნით დარჩენა გსურთ, ეს ძალიან მარტივია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს ერთ წლამდე დარჩნენ ქვეყანაში, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავეთათვის”, – წერს ჟურნალისტი რანა გუდი.