„აპლიას მიმართვის ძირითადი არსია ის, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა, ეს წარმოუდგენელი მტკიცებაა“ – ჯემალ გამახარია

“ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ბესარიონ აპლიას რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი მიმართვის ძირითადი არსია ის, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა, ეს წარმოუდგენელი მტკიცებაა”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის ეკლესია ყოველთვის ქართული ეკლესიის ორგანული ნაწილი იყო.

„თქვენი შეკითხვა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხსა და ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.
მე ამ ორ შეკითხვას გავაერთიანებდი. საქმე რაშია: რუსეთი აფხაზეთის ანექსიის გზას ადგას. 45- პუნქტიანი პროგრამა, სწორედ აფხაზეთის ანექსიას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ აფხაზებმა ეს „იოლად“ გადაიტანონ, მიიღონ, წინააღმდეგობა არ გასწიონ, პერიოდულად ისეთი თემების აქტუალიზაცია ხდება, რომელმაც ანექსიის პრობლემა, რაც ძალიან მტკივნეულია აფხაზებისთვის, უნდა გადაფაროს.

იგივე ეკლესიასთან დაკავშირებული, ე.წ. ავტოკეფალიის მოთხოვნა, რომელიც 2021 წელს გააქტიურდა. თებერვალში აპლიამ, რომელიც ე.წ. აფხაზური ეკლესიის მეთაური გახლავთ, განაცხადა, რომ სანამ აფხაზეთის ეკლესიის სტატუსი არ იქნება დადგენილი, ის ღვთისმსახურებას წყვეტს. მან 22 თებერვალს რუსეთის პატრიარქს მიმართა. 25 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ ეს ქმედება დაგმო. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ეს საკითხი მიწყნარდა, აპლიამ ინება და ტაძარში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ მისი მიმართვა ყოფილიყო არა მხოლოდ რუსეთის პატრიარქისადმი, არამედ – საქართველოს პატრიარქისადმიც. მისი მიმართვის ძირითადი არსია, რომ აფხაზეთის ეკლესია არასდროს ყოფილა საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში. ეს წარმოუდგენელი მტკიცებაა. ბუნებაში აფხაზეთის ეკლესია არ არსებულა, ის ყოველთვის ქართული ეკლესიის ორგანული ნაწილი იყო. ითხოვენ ავტოკეფალიას, აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენას. არადა, აფხაზეთის საკათალიკოსო დასავლურ-ქართული ეკლესია იყო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან აფხაზების წინაპრების მირრ იქნა გამოდევნილი, როდესაც ისინი იქ XVI -XVII საუკუნეებში ჩამოსახლდნენ, საკალიკოსო იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან იდევნებოდნენ, მღვდელმსახურებს კლავდნენ. აფხაზეთის კათალიკოსები აფხაზეთის ტერიტორიაზე XVII საუკუნის ბოლოდან საერთოდ არ ჩასულან, არადა ეს ინსტიტუტი XVIII საუკუნის ბოლომდე არსებობდა, რუსეთთან მიერთების შემდეგ კი გაუქმდა“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ბესარიონ აპლია საკუთარ მიმართვაში რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას სთხოვს.

საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგისთვის თბილისში მოიწვია.

„მოგახსენებთ, რომ გავეცანით საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორ იცით, მტერი ყოფს – ღმერთი კი აერთიანებს. ამიტომ, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება, ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემური საკითხები“, – ნათქვამია პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წერილში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები