ირაკლი კობახიძე – მკაფიო გეგმა გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ
ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რომელი სექტორები იძლევა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას.
„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე. საქართველო მდიდარია ამ რესურსებით და ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრეები სტაბილურად გავზარდოთ რვა გიგავატამდე, ხოლო 2030 წლისთვის ათ გიგავატამდე. ეს იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ. ინვესტიციებისთვის სხვა ხელსაყრელ სექტორებს შორისაა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, რომლებიც ეკონომიკის ტრადიციული საყრდენებია. უძრავი ქონებაც მზარდია საქართველოს ეკონომიკაში. ამავდროულად, 2021 წლიდან სწრაფი ზრდა შეინიშნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში და ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკის ეს დარგი. ყველა ამ სექტორს მოვიცავთ ჩვენს ხედვაში და ორიენტირებულები ვართ მიღწეული წინსვლის შენარჩუნებაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.