მეუფე შიო: ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში

“ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით და დარიგებით.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა! დღეს, როგორც ყოველ კვირა დღეს, როდესაც სიმრავლე ხალხისა იკრიბება ტაძრებში, იკითხება ხოლმე სახარების გამორჩეული მონაკვეთები. დღევანდელ სახარებაში იყო შემდეგი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: ,,როგორც გსურთ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ”. აი, ასეთია უფლის ეს თითქოს მოკლე და მარტივი სწავლება; ეს კანონი, ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ყველამ მშვენივრად ვიცით. იგი გვხვდება ძველ აღთქმაშიც, მაგალითად, „ზირაქის სიბრძნეში“, რომელშიც ნათქვამია: ,,ნუ დაუგებ სხვას მახეს, თორემ შენ თავადვე გაებმები მასში!” ე. ი. თუ ვინმეს ბოროტებას გაუკეთებ, აუცილებლად შენც იგივე ბოროტება შეგემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს სწავლება, ეს ოქროს წესი, ძალიან ადვილად განვიკითხავთ, უდიერად ვსაუბრობთ მოყვასებზე, საკუთარ თავს კი იშვიათად განვიკითხავთ.

თქვენ იცით, რომ უფალმა ბრძანა, ახალ მცნებას გაძლევთო; ანუ ამ სიტყვებთან ერთად ისიც თქვა, რომ მარტო თქვენს ახლობლებსა და მოყვარულებს თუ ჰყვარობთ და სიკეთეს უკეთებთ, რა საზღაური იქნება ეს ქრისტიანისთვის, რადგან წარმართებიცა და ცოდვილნიც – ცოდვილებში ამ შემთხვევაში წარმართები იგულისხმებიან – ჰყვარობენ და სიკეთეს უკეთებენ თავიანთ ახლობლებსო. და დასძენს უფალი: ,,ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთეს უკეთებდეთ მათ და იქნება თქვენი საზღაური დიდი და იქნებით ძენი მაღლისა, ვინაიდან იგი ტკბილია, იგი კეთილია ბოროტთა და უმადურთა მიმართაც!” ასეთი საოცარი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში.

ე. ი. ,,გიყვარდეთ მტერნი თქუენნი!” ახალი აღთქმიდან ალბათ ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული სიტყვები გასაკეთებლად, აღსასრულებლად და გასაგებად. თუმცა შეუძლებელი არ არის, ვინაიდან უფალი გვასწავლის ამას, რაც ნიშნავს, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთის მადლით თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.

აი, დღეს ძალიან მოკლედ გავერკვეთ, ვინ არის ჩვენი მტერი? აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირად მტერს და არა სამშობლოს დამპყრობელს, იმ გარემოებას, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, იარაღი ავიღოთ ხელში და ვიომოთ. აქ ეს იმიტომ არ იგულისხმება, რომ ასეთ მტერთან შებრძოლება ყოველთვის გმირობად ირაცხებოდა ეკლესიის მიერ.

აქ საუბარია პირად მტრებზე. ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენ გარშემო იმყოფებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი სულის გადარჩენას უშლიან ხელს, ამაში გვებრძვიან. გარდა ამისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ემუქრებიან, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფენ, ჩვენს კეთილ სახელს ლახავენ ცილისწამებებით, შეგნებულად გვემტერებიან. აი, ასეთი ადამიანები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ ზოგჯერ ისეთ ხალხს ვუწოდებთ მტრებს, რომლებიც სინამდვილეში მტრები კი არ არიან, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობაში გვაყენებენ.

და რას ნიშნავს ,,გიყვარდეს მტერი”, როგორ უნდა გამოხატო სიყვარული მტრისა?

აი, დღევანდელი სახარება გვასწავლის ამას: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. აქ არ წერია და არც იგულისხმება, რომ მტრისადმი სიყვარული უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას. მტრის სიყვარულში იგულისხმება – არ გაუკეთო ბოროტი მას, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება, წაუყრუო, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები