თენგიზ შარმანაშვილი – ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: თუ კიდევ ვინმე ვერ დარწმუნდა, რომ სერიოზულად მიმდინარეობს დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის კორუფციასთან, ძალიან ცდება
„თუ კიდევ ვინმე ვერ დარწმუნდა, რომ სერიოზულად მიმდინარეობს დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის კორუფციასთან, ძალიან ცდება,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა იქ, როდესაც კონკრეტულ სახელს და გვარს ასახელებ და მას სდებ ბრალს. თორემ ზოგადად, მოვლენაზე როდესაც ლაპარაკობ ეს უბრალოდ პოლიტიკური შეფასებაა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას გვარების ხსენების გარეშე, თუ კიდევ ვინმე ვერ დარწმუნდა, რომ სერიოზულად მიმდინარეობს საქართველოში დამნაშავეობასთან ბრძოლა ყველა მიმართულებით, მათ შორის კორუფციულ დანაშაულთან, ის ძალიან ცდება. მართლმსაჯულება მიაკითხავს ყველას, ვისაც ხელი წასცდება ამ დანაშაულზე. იმიტომ, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც არის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.