“არ ვგრძნობთ რაიმე “დეესკალაციის” საჭიროებას” – სოხუმში ზურაბიშვილს უპასუხეს

“აფხაზეთში დაცულია კანონი და წესრიგი, ფუნქციონირებს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი და ასევე აშკარაა, რომ რესპუბლიკა არ გრძნობს რაიმე „დეესკალაციის“ საჭიროებას”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.

ე.წ. უწყებაში ამბობენ, რომ ასეთი განცხადებებით ზურაბიშვილმა “როგორც ჩანს, გადაწყვიტა, შეახსენოს საერთაშორისო საზოგადოებას “ოკუპირებული ტერიტორიების” პრობლემა”.

“საქართველოს ხელისუფლებამ და მისიის ლიდერებმა კარგად იციან, რომ 2008 წლის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეთანხმებების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მოიცავს მხოლოდ მონიტორინგს აფხაზეთის მიმდებარე ზონაში, მაგრამ არა  – მონიტორინგს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეჭვი არ გვეპარება, რომ ავსტრიის წარმომადგენლებმაც იციან ამის შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ მისიის მუშაობაში”, – ნათქვამია კომენტარში.

ე.წ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ “აფხაზეთში სადამკვირვებლო მისიის შეყვანის აუცილებლობაზე საუბრებით “ვითარების დეესკალიციისთვის”, საქართველოს ხელისუფლება ღიად ავრცელებს დეზინფორმაციას”.

”ასეთი განცხადების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი გარე დამკვირვებლისთვის. აფხაზეთის რესპუბლიკაში პატივს სცემენ კანონსა და წესრიგს, ფუნქციონირებს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი. ასევე, აშკარაა, რომ რესპუბლიკა არ გრძნობს რაიმე „დეესკალაციის“ საჭიროებას”, – ნათქვამია სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან, რომ “პრაგმატიზმზე დაფუძნებული რეალისტური კურსი და არსებული პოლიტიკური რეალობების მკაფიო გაცნობიერება გაიმარჯვებს აფხაზეთის რესპუბლიკისადმი მიდგომებში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები