13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტოფაში დაიღუპა. ავარია დღემდე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ორი თვალსაჩინო ლიდერი კი შეიწირა. ავარიდან 69-ე დღეს ზურაბ ჭავჭავაძეც გარდაიცვალა.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში დაიბადა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას.  მათ ერთი მიზანი ჰქონდათ – სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა.
1972 წელს მერაბ კოსტავამ  ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ ჩამოაყალიბა. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა თუ დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. „შავლეგოდ“ წოდებული მერაბი 9 აპრილის ღამეს ერთგულად იდგა ხალხის გვერდით. 1989 წლის 9 აპრილს მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს, მიტინგის ორგანიზების საბაბით.
ტრაგედიიდან რამდნიმე თვეში საქართველომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი დაკარგა. მერაბ კოსტავა სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დაკრძალეს.
1993 წელს მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2007 წელს კი – ქუთაისში მისი ძეგლი დაიდგა. 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან,  მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი გაიხსნა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს, რისთვისაც მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები