გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახალი მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
“პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე, სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა, რაც ახალგაზრდებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
გივი მიქანაძემ ნიკოლ ფაშინიანს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს,”- წერია ინფორმაციაში.