მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტთან შუა დერეფნის განვითარება განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა – ბანკი ფორუმის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების და სხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტთან შუა დერეფნის განვითარების კუთხით, მათ შორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს როგორც აზიის განვითარების ბანკის შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, აგრეთვე მეტი ჩართულობა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში, ასევე პოზიტიურად შეფასდა ბანკთან თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების და ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას CAREC – ის (ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის) ფორმატში.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის მნიშვნელოვანი რეგიონული სადისკუსიო პლატფორმა, სადაც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის მოდელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული კავშირები, ტურიზმი და ა.შ.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ინგა ფხალაძე.