თბილისზე შეყვარებული ორი ხელოვანის – ლანა გოცირიძისა და მარიამ (მარიკა) გორგაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

21 და 22 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისქალაქობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებების ფარგლებში,  თბილისზე შეყვარებული ორი ხელოვანი ქალბატონის, დედა-შვილის, ლანა გოცირიძისა და მარიამ (მარიკა) გორგაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
„ქალბატონი ლანაც და ქალბატონი მარიკაც თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ლანამ ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა, ის ამავდროულად წარმატებით მუშაობდა გრაფიკასა და მიკროპლასტიკაშიც, ქმნიდა უნიკალურ ჭედურ ნამუშევრებს. მასვე ეკუთვნის განუმეორებელი ხელწერით შესრულებული, კალისგან შექმნილი რელიეფური ნამუშევრების სერია. სხვადასხვა დროს ქალბატონ ლანას ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა და ხშირად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებშიც, რაც არაერთი მედლითა და ჯილდოთი აღინიშნა. უშრეტი ფანტაზიის ქალბატონმა ბოლო წლებში ახალი, განსხვავებული გზა იპოვა და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ფუნქციადაკარგული სამკაულებისგან ქმნის ულამაზეს ზღაპრულ სამყაროს. მარიამ გორგაძის ბოლო გატაცება კი მანდალებია.
ქალბატონ ლანას ქალიშვილმა, მარიამ გორგაძემ, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად კერამიკის ფაკულტეტი აირჩია. მან შექმნა მონუმენტური და დაზგური კერამიკული ნამუშევრები. ქალბატონ მარიკას ჯგუფურ გამოფენებთან ერთად ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მშობლების დარად მისი შესაძლებლობებიც არ შემოფარგლულა კერამიკით და საინტერესო ნამუშევრები შექმნა გრაფიკასა და ფერწერაში. ბოლო წლები კი მარიკა გატაცებულია ავეჯის რესტავრაციითა და მოხატვით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები