ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში მისი კოლეგის – სურენ პაპიკიანის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.