ექიმი: ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა

“ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა”, – ასე აფასებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი, მედეა ქაჯაია ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„პაციენტი აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური კვლევებითაც დინამიკა დადებითია. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი“, – განაცხადა ქაჯაიამ “ქრონიკის” ეთერში.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები