თამარ გაბუნია: მოსახლეობის 60%-ის აცრას აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რომ დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია აუცილებლად მიიღწევა.

მიუხედავად ამისა, გაბუნიას თქმით, მიზანია მოსახლეობის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია.

„ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად სექტემბრის ბოლო კვირაში შემცირდა, მანამდე, ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. 25 ათასი აცრა დღის განმავლობაში იყო ის მაჩვენებელი, რომელიც ზაფხულის პერიოდში, აგვისტო-სექტემბრისთვის დაგეგმილი გვქონდა. კარგი იქნებოდა, ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც შეეხება დამატებით ინტერვენციებს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე გადაწყვეტილებამ დააგვიანა. საუბარია ეტაპობრივობაზე და იმაზე, თუ რომელ ინტერვენციას რა დროს ექნება მეტი ეფექტი. ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა ძალიან დიდ ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება იქნება კიდევ უფრო აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს. ეს მთავრობაზე შემოტანილია ცვლილების სახით, ველოდებით, რომ დღეს ან ხვალ მოხდება მისი ამოქმედება, ხოლო შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვნახოთ, ეს ინტერვენცია რა შედეგს მოგვცემს. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისთან, რათა მოვისმინოთ, დამატებით რა სახის ინტერვენციები შეიძლება, გამოვიყენოთ ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მიმართულებით, დადებითი მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ 60% ჩვენთვის არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. დღეს ჩვენი ამბიცია უფრო მაღალია. გვინდა, რომ 60%-ს გავცდეთ. ეს არის ძალიან პრობლემური“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები