ვახტანგ ძაბირაძე: კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა” – რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ
“მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი გახდებოდა მეორე ტურის ჩატარება, კახა კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” ინტერვიუში საუბრისას აცხადებს.
ექსპერტი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ შედეგებში მოულოდნელი ბევრი არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილზე “ქართული ოცნება”გავიდოდა, მეორეზე “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი გიორგი გახარიას პარტია. სავარაუდოდ, პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის მოვლენები, რაც 1-ელ ოქტომბერს განვითარდა. ჩემი აზრით, ამან ახეირა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და დაარტყა გახარიას პარტიას, თუმცა, ვფიქრობ, მის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა მაინც ანგარიშგასაწევია. წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი გახდებოდა მეორე ტურის ჩატარება, კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კალაძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. პირველ ტურში მოპოვებულ მის ხმებს დაემატება გახარიას მხარდამჭერთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და ასევე იმ პატარა პარტიების ხმებიც, როგორიცაა, მაგალითად, ანა დოლიძის პარტია, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი”… ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ არჩევნებზე ასეთი აქტიურობა ვნახეთ, მილიონ რვაასი ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა საარჩევნო ურნებთან, რაც ნიშნავს, რომ უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე არ იქნებოდა. ამ მიმართულებით სააკაშვილის ჩამოსვლამ და ოპოზიციის განცხადებებმა, რომ ეს არჩევნები უნდა ექციათ რეფერენდუმად, ნაყოფი გამოიღო, თუმცა მოლოდინი, რომ “ოცნება” 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას დაიწყებდა, არ გამართლდა.
“ქართულმა ოცნებამ” მიიღო სასურველი პროცენტები, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლამ დიდად შეუწყო ხელი. რომ არ დაგიმალოთ, მეგონა, სააკაშვილის ჩამოსვლა უფრო დიდი დარტყმა იქნებოდა გიორგი გახარიასთვის, ვიდრე აღმოჩნდა. თუმცა, ჩემი აზრით, მან სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. რაც მთავარია, ნამდვილად გამოიკვეთა მესამე ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში ორჯერ უსწრებს მის შემდგომ ოპოზიციურ პარტიას. ორიოდე სიტყვით ამ პატარა პარტიებსაც შევეხები. იმის ნაცვლად, მათ ეს ერთი წელი მოეხმარებინათ იმისთვის, რომ დაფუძნებულიყვნენ ამომრჩევლის თვალში როგორც მესამე, დამოუკიდებელი ძალა, მთელი წელი თავიანთ ამომრჩევლიანად შეწირეს “ნაციონალურ მოძრაობას”. არ შეიძლებოდა თუნდაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროტესტისას ასე შეზრდილიყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. აუცილებელი იყო დამოუკიდებლად პოზიციონირება, რაც არ გააკეთეს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან შექმნილმა ოპოზიციურმა ერთობამ სწორი სტრატეგია შეარჩიეს, როდესაც მერობის კანდიდატებად ლიდერები დაასახელეს – ხატია დეკანოიძის, გიგი უგულავასა და დავით კირკიტაძის დასახელება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ რა იქნება მეორე ტურში? არაერთგზის მითქვამს, რომ დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა მისი ლიდერების განსხვავებულ ხედვაში კი არა, სრულიად განსხვავებული პოზიციის ამომრჩეველშია. ლიდერებმა შეიძლება ერთმანეთში მოილაპარაკონ ბევრ რამეზე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციონერ ლიდერთა ერთიანობა ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციონერი ამომრჩევლის გაერთიანებას. მაგალითად, “ლელო” თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ “ლელოს” მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად იყოს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდასაჭერად.
ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სადაც მეორე ტური ჩატარდება, მათმა წარმომადგენლებმა გაიმარჯვონ, ეს უმნიშვნელოვანესია. თუ მართლაც გაიმარჯვებენ და შემდგომ სწორად წარმართავენ საქმიანობას, ეს იქნება ერთი ნაბიჯი პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისა და თანამშრომლობისკენ, რამაც საბოლოოდ კოალიციურ მმართველობამდე უნდა მიგვიყვანოს. მით უფრო საინტერესოა, რომ რამდენიმე ქალაქში, მაგალითად, ზუგდიდში, წინასწარი მონაცემებით, საკრებულო ოპოზიციური იქნება. მაგრამ შეძლებენ კი ამ წარმატების გამყარებას? მაგალითად, ხატია დეკანოიძეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი აქვს ქუთაისში და ცოტა სჭირდება საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ არის კი ამომრჩეველში ამის მისაღწევად საჭირო რესურსი? რა მხარდაჭერაც მიიღო დეკანოიძემ პირველ ტურში, ეს მისთვის და მისი ძალისთვის პიკია, ანუ ის ოპოზიციური ხმები, რაც მიიღეს სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა წავა კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მხარდასაჭერად? მეეჭვება, ასე მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ გაიმეორებს, მაპატიეთ და, იმ პოლიტიკურ სიბეცეს, რაც 2016 და 2021 წლებში დაემართათ, როდესაც მაჟორიტარები მოხსნეს და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. იმედია, ისევ აქციებისა და არეულობის გზით არ წავლენ.
ვერ ვიტყვით, რომ ეს არჩევნები ძალიან განსხვავდებოდა წინასგან – ან უარესი იყო, ან უკეთესი. არ შველის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს და ეს კომპლექსური პრობლემაა. შესაძლოა ხმის მიცემის პროცედურა შედარებით მოწესრიგებული იყო, მაგრამ არსებითი უკეთესობა და ახალი საარჩევნო ერის დასაწყისი ნამდვილად არ გვინახავს. ჩვენთან ტრადიციულად ხელისუფლება მაშინ იცვლება, როდესაც ოპოზიციონერი ამომრჩეველი ერთიანია არა არითმეტიკული ჯამით, არამედ ერთი კონკრეტული ჯგუფის მხარდასაჭერად რომ ერთიანდება. ასე მოხდა 2003 და 2012 წლებშიც. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
სიმართლე გითხრათ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ, იმის მიუხედავად, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. იმიტომ კი არა, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, არა, უბრალოდ, იმდენად რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, შესაძლოა ამან გაიყვანოს ხალხი ქუჩაში. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და გაიაზროს, რა სურს. სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიცია ჩამოვიდა ყველაზე მაღალ კოზირს, რაც კი მის ხელში იყო. ეს ქმნის ახალ რეალობას, რის შედეგადაც, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლაც მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეალური რებრენდინგი. იმედია, ხედავენ, რომ მათი ძველი პოლიტიკური კაპიტალი, მათ შორის სააკაშვილის ფაქტორიც, გახარჯულია”,- განაცხადა ძაბირაძემ.