მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე რაიმუნდას ლოპატასა და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვას საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრისას მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, რომელსაც ლიეტუველი პარლამენტარები თავად დააკვირდებიან. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მზაობას. მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწეულ პროგრესსა და 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო „ასოცირებული სამეულის” სამომავლო გეგმებს, 15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის შემდგომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პოლიტიკის მომავალს, რაშიც ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლებმა, ქვეყნის სახელით, საქართველოს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონში რუსეთის მიერ დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს ოკუპაციაზე და მის შედეგებზე.

აღინიშნა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების მნიშვნელობა, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ლიეტუველმა პარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ მათი უპირობო მხარდაჭერა დაადასტურეს. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები პაულე კუზმიცკიენე, ანდრიუს ვიშნიაუსკასი, ვილია თარგამაძე და გიედრიუს სურპლისი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. ლიეტუვის სეიმში საქართველოსთან თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელშიც 49 დეპუტატია გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები