პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ,,კანონიერ ქურდობასა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულ ორ პირს 8 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობასა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულები – რ.გ. და კ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის ნოემბერში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ რ.გ.-ს დავალებით, ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა კ.ქ.-მ, სამეგრელოს რეგიონში, ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს ე.წ. ,,ქურდული გარჩევა“ მოუწყო, რა დროსაც ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ რ.გ. საკომუნიკაციო საშუალებით პირადად ესაუბრა ბიზნესმენს და ე.წ. “ქურდული სამყაროს წესების“ შესაბამისად, თანხის გადახდა დააკისრა და საწარმოს წილში ჩასმა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს. რ.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ,,კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.გ. და კ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და რ.გ.-ს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კ.ქ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები