პროკურატურამ უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის და დიდი ოდენობით თანხის ქურდობისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ხელმძღვანელი ლ.მ., ამავე დაწესებულების თანამშრომელთან – ა.ს.-სთან ერთად, სისტემატიურად ახორციელებდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. აღნიშნული მიზნით მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან შეთანხმებულ ე.წ. ,,პრომო გოგონებს“ უცხოელი ტურისტები მიჰყავდათ ბარში, რა დროსაც კლიენტთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ დიდი რაოდენობის ძვირადღირებულ სასმელს და საკვებს, რომელიც რეალურად არ მიჰქონდათ მომხმარებელთან.
ასევე, ანგარიშსწორებისას ლ.მ. და ა.ს. სტუმარს მიწოდებულ მომსახურებასთან შეუსაბამო დიდი ოდენობით თანხას უანგარიშებდნენ და მის გადახდას აიძულებდნენ. ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 2021 წლის აგვისტოში, მოტყუებით დაეუფლნენ ინდოეთის, არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეთა კუთვნილ 7 738 ლარს.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 11 სექტემბერს, ლ.მ.-მ და ა.ს.-მ, ისარგებლეს რა მათ დაწესებულებაში მისული ჩინეთის მოქალაქის ალკოჰოლური სიმთვრალით, მისი საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით, ფარულად დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას, 15 000 ლარს. ლ.მ.-ს და ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.