„არ ველით, რომ კორონავირუსის მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს“ – ივანე ჩხაიძე
“არ ველოდებით, რომ კორონავირუსის მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ- ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ.
„ერთად გადავხედოთ, საქართველოში რა იყო ამ ოთხი ტალღის მიზეზი. თუ დავაკვირდებით, ყველა ტალღის მიზეზი განსხვავებული ვირუსი იყო. ყველაზე მძიმე მეოთხე ტალღა განპირობებული იყო „დელტა“ ვარიანტით. მესამე ტალღის უკან „ ბრიტანული ვარიანტი“ იდგა , პირველი და მეორე ტალღა კი „ჩინურმა ვარიანტმა“ განაპირობა. შესაბამისად, მეხუთე, ისეთივე სერიოზული, მძიმე და ქვეყნისათვის მართლაც დამანგრეველი ტალღის ერთადერთი პირობა იქნება ის, თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება. „დელტა ვარიანტის“ „მაქსიმალური“ შესაძლებლობები გამოვლენილია: 17 აგვისტოს 6 208 შემთხვევა გვქონდა. ეს პიკი იყო. ამის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან მცირდება.
კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლებელია, იყოს ქვეყანაში, მაგრამ ამის უკან იდგება, ალბათ, არა ახალი მუტაცია, არამედ ის ფაქტორი, რაც შემოდგომა-ზამთრის სეზონთანაა დაკავშირებული, ანუ აცივება, რაც, ავტომატურად, უფრო მეტი ადამიანის დახურულ სივრცეში თავმოყრას იწვევს. ეს ინფექციის გადაცემას აიოლებს.
არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 717 ტესტი ჩატარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 221 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ჩატარდა 1 534 111 აცრა, დღიურად აცრილია 26 125 ადამიანი.
თამუნა შეყილაძე