გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და, ამიტომ, ფაბრიკაციებს მიმართა
“კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეკლესიას დიდი როლი აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ეს ვერ აიტანა”, – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოციამ ფაბრიკაციებს მიმართა. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა განუცხადა, ოპოზიციას სურს, ეს ურთიერთობები დააზიანოს, თუმცა, მაჭარაშვილისვე განცხადებით, მრავალი ასეული წლის ურთიერთობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის არ დაზიანდება.
„ამის მამტკიცებელი საბუთები არ არის საჭირო, მოვიძიოთ, რადგან ოპონენტების რამდენიმეთვიანი ინტერვიუები რომ ამოვიღოთ, ნახავთ, საჯაროდ ლანძღავენ სასულიერო პირებს, მართლმადიდებელ ეკლესიას. ისინი არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ პირდაპირ ლანძღავდნენ და დისკრედიატაციას უწევდნენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ზუსტად იმის წინაპირობაა, რომ ვერ აიტანეს, ქართულ საზოგადოებაში მართმლადიდებელ ეკლესიას განუზომლად დიდი როლი აქვს. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეკლესიას დიდი როლი აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ეს ვერ აიტანა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. თუმცა, ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცებული არ არის.