ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა“.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდი ყველაზე ნაკლებად ინფორმატიულია.
„რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე.
ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“,- ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.