გიორგი გახარია კახი კალაძეს და ნიკა მელიას კიდევ ერთხელ იწვევს დებატებზე პირისპირ და „ერთი-ერთზე”

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახი კალაძეს, ისევე როგორ ნიკა მელიას – კიდევ ერთხელ სთავაზობს ,,ერთი-ერთზე” დებატებს.

„მივმართავ ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას – მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე – იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა მივცეთ გააკეთონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი.

როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახი კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე პარტიულ ტელევიზიაში – იმედის „ტელეკანალზე” და იმედი მაქვს ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში, ნაციონალური მოძრაობის მთავარ არხზე ერთი-ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები.

დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს არის 13 სექტემბერი – ჯერ არის საკმარისი დრო, ამიტომ, ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ესეთი დებატები ჩავატაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს იქნება თბილისელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა. მივცეთ მათ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ,” – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები