ნანა კაკაბაძე: კითხვაზე ,,როგორ ბრძანდებით“, ჯანსუღ ჩარკვიანი დაუფიქრებლად პასუხობდა – ,,არა მიშას”

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ევროპელ დიპლომატთა მხარდაჭერის იმედი, რატომ სურს ექსპრეზიდენტს ქართული ჯარის დემორალიზება წინასაარჩევნოდა და რას უპასუხებს მას საქართველოს ხელისუფლება; გადმოსცემს თუ არა უკრაინის მთავრობა მეგის ქარდავას საქართველოს და ვინ მოკლა უკრაინელი მოსამართლე, ,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

-სააკაშვილს უკრაინაში, საკუთარ მამულში უკვე მეორედ ეწვია ევროპელ დიპლომატთა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. ვინ არიან დიპლომატები, რომლებიც სააკაშვილის მასპინძლობაზე უარს არ ამობენ?

-სააკაშვილის ,,სტუმრები“ მსოფლიო ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ლობირებით საკუთარ ძალას ლობირებენ.

-გაბედავს ექსპრეზიდენტი წინასაარჩევნოდ თბილისში ჩამოსვლას?

-სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს. ან ბოლომდე ჩაიძირება, როგორც პოლიტიკოსი, აღარავისთვის იქნება აქტუალური დასავლეთსა და ჩრდილოეთში, ან სასწრაფოდ ეცდება, დაატრიალოს რამე უბედურება, საქართველოში ან უკრაინაში. ფასეულის შექმნა და სიკეთის კეთება მას არ შეუძლია და რადგან უკრაინაში მას ,,დიდი უბედურების“ დატრიალება არ გამოუვიდა, შეეცდება, საქართველოში გააკეთოს რაიმე საშინელი: რევოლუცია, სისხლი, დამხობა… სააკაშვილის ინტერესები ემთხვევა ამერიკული ლიბერალური ფრთის ინტერესებს. ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა არ ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა ღირსეულად გაიმარჯვა არჩევნებში და ის ამერიკის პრეზიდენტი უნდა იყოს. ამიტომაც, დასავლელ პოლიტიკოსთა ლიბერალური ფრთა, ცდილობს რა – შეინარჩუნოს ძალაუფლება, უკავშირდება ისეთი საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსებს და მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ, როგორიც სააკაშვილია. ამიტომ, სააკაშვილმა ან საქართველოში ჩამოსვლა უნდა გაბედოს, შექმნას ქვეყანაში აურზაური, გახდეს სახელმწიფო გადატრიალების ლიდერი და დაამხოს ხელისუფლება, ან დაეშვას კიდევ უფრო ღრმად პოლიტიკურ ფსკერზე, სადაც ის აღარავისთვის იქნება საჭირო და გამოსადეგი.

-იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილმა მართლაც გაბედა წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება, ხელისუფლება მას საზღვარზევე დაიჭერს და დააპატიმრებს. მის გეგმებში დაპატიმრებაც შედის?

-იმიტომაც მასპინძლობს დასავლელ დიპლომატებს, რომ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ციხეში აღმოჩნდება. ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების ზეწოლით ის საპატიმროს დატოვებს.

-უკრაინაში დააპატიმრეს ძებნილი მეგის ქარდავა, რომელსაც მე-9 წელია, წითელი ცირკულარით ეძებენ მთელს მსოფლიოში. მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ქარდავას საქართველოს ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა, საეჭვო ვითარებაში მოკლეს. უკრაინელი მოსამართლის მკვლელობაში ,,ნაციონალური რეჟიმის“ ხელწერას ხედავთ?

-თუ გავითვალისწინებთ მთლიანად ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მმართველობის ისტორიას, ძალზე საეჭვო ხდება უკრაინელი მოსამართლის მკვლელობა. აქამდე მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების გადაწყვეტილება ვერავინ მიიღო. გამოჩნდა თუ არა ერთი მოსამართლე, ვინც ასეთი განაჩენი გამოიტანა, იმ წამსვე მოკლეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას შევახსენო, რა ტიპის ძალა აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. უკრაინელი მოსამართლის მკვლელობა სერიოზული მესიჯი უნდა გახდეს საქართველოში.

-თაკო ჩარკვიანი, პარტია ,,კანონი და სამართლის“ ლიდერი აგროვებს ხელმოწერებს ექსპრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით და, როგორც ამბობენ, 40 000 ამომრჩეველი საკუთარი ხელმოწერით მოითხოვს სააკაშვილის დაბრუნებას…

-ჩემთვის ბევრი რამ, მათ შორის, ადამიანთა მერკანტილური ინტერესები ბოლო დროს ძალზე გაუგებარი ხდება. მახსენდება თაკოს მამა. ხშირად ვხვდებოდით ,,იმელის“ შენობაში. კითხვაზე, როგორ ბრძანდებით, ბატონო ჯანსუღ, დაუფიქრებლად გპასუხობდათ -, “არა მიშას!!!“. ჰქონდა კიდევ სხვაგვარი პასუხიც: ,,არა მიშას, რა!“ დიდი პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი მისალმების ფორმაც კი უდიდესი პროტესტის გამოხატულება იყო სააკაშვილის მოღვაწეობისადმი. ერთი მხრივ, მამა მთაწმინდაზე დაკრძალო ქართველი მამულიშვილების გვერდით და, მეორე მხრივ, არად ჩააგდო მამის ხსოვნა და მრწამსი, ჩემთვის ამოუხსნელი მოვლენაა. თაკო ჩარკვიანის საქციელს მე ვერ შევაფასებ, შეაფასონ სხვებმა…

-ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის უფრო ემზადება, ვიდრე – თავად არჩევნებისთვის. ასეა?

-9 წელია, ვხედავთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. თუ არა რევოლუციური სცენარი, ეს ძალა ქვეყნის სათავეში ვერასდროს დაბრუნდება და ვერც არჩევნებში გაიმარჯვებს, ვიდრე ქართველი ხალხი ამ ტერიტორიაზე იარსებებს. 300 000, საქართველოში მცხოვრებ ადამიანს კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის ციხე და სასამართლო, ბიზნესმენებს – რეკეტი, ქონების მფლობელს – გაკულაკება, პატიმრებს – ცემა, წამება გაუპატიურება. ბუნებრივია, ასეთი პარტია, თუნდაც, სახეცვლილი და დაყოფილ-დანაწევრებული შეუძლებელია, არჩევნების გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

-,,ქართული ოცნება“ მზადაა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძალისმიერი რევანშისთვის?“

-სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან მე ასეთ მზაობას და იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რას მოუტანს ეს სატანისტური ძალა ქვეყანას, ვერ ვხედავ. ეს არ ჩანს ხელისუფლების პოლიტიკურ შეფასებებშიც. დღეს სააკაშვილმა მიმართა ქართველ სამხედროებს და, ფაქტობრივად, ჯარისკაცებს ქვეყნის ღალატისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ივანიშვილს ეზიზღებით, კონვერტით ფულს ურიგებს ერთეულ პირებს, დანარჩენებს კი არად გაგდებთო. რამდენიმე საათი გავიდა და ვერ მოვისმინე ხელისუფლების პასუხი სააკაშვილის ამ ძალიან საშიში და ბინძური განცხადების პასუხად. იმედია, ხელისუფლებაშ მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ხვდებიან, რა ბოროტ ძალასთან აქვთ საქმე და სრულ მზადყოფნაში იქნებიან 3 ოქტომბერსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები