ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია

“სხვა ვალებთან მიმართებითაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს იქედან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია, დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას რომ, ქვეყანა დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშრებით აღარ აიღებს.

„სხვა ვალებთან მიმართებითაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს იქედან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია, დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით, ასეთი სესხები შესაძლოა, აიღოს ქვეყანამ, თუმცა, ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებით შესაძლოა, შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე, ეკონომიკასთან მიმართებით ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარების,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისიტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია.

„პირველ ყოვლისა, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ იყო და არ არის სწორი. ჩვენ ეს გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ, რომ ქვეყნის ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომელსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ნიშნული, რომლითაც ქვეყანას შეუძლია, ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ბანერებითა და ტრანსფარანტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს იმაზე, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი.

მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით იქნება ყოველთვის განხილული და ამასთან მიმართებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა – სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რომელიც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების საკითხი და რეფორმებთან მიმართებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული და რომელიც არის გაცხადებული, გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი,“- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები