პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება თბილისის საგამოცდო ცენტრებში გრძელდება
დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება თბილისის ხუთ საგამოცდო ცენტრში დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობას იღებენ პროფესიული განათლების მიღების ის მსურველები, რომლებიც უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბარებენ.
შესაბამისად, 13 და 14 სექტემბერს თბილისის საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები ჩააბარებენ ტესტს ზოგად უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია-ბიოლოგია). პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შერჩევის ფარგლებში აპლიკანტები აბარებენ ასევე ზოგადი საბაზო უნარების ტესტს, რომელიც წარმოადგენს შერჩევის პირველ ეტაპს.
აღნიშნული ტესტი განკუთვნილია კონკრეტული დაწესებულების კონკრეტული პროფესიული პროგრამებისთვის, სადაც რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გამოცხადებული ადგილების რაოდენობას. ეროვნული პროფესიული ტესტირების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ.
მინისტრის მოადგილემ თითოეულ აპლიკანტს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისთვის, საგამოცდო ცენტრებში სრულიად არის გათვალისწინებული კოვიდ-პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო თბილისის საგამოცდო ცენტრებში ტესტირების თარიღი 13 და 14 სექტემბერს გადაიწია, რათა თითოეული აპლიკანტისთვის გამარტივებულიყო საგამოცდო ცენტრამდე მისვლა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, წარმატებით მიმდინარებს შიდა შერჩევის პროცესები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. წელს პირველად უმეტეს პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის პროცესები დელეგირებულია პროფესიულ კოლეჯებზე.
ჩარიცხვის ახალი წესისა და სტუდენტთა შერჩევის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით კი დაწესებულებები იყენებენ შერჩევის მრავალფეროვან მეთოდებს, რომელთა მიზანია თითოეული პროგრამისთვის იმ აპლიკანტების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დაძლევას.
სხვადასხვა მიზეზის გამო ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შესახებ იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
https://www.mes.gov.ge/content.php?id=12485&lang=geo – აღნიშნულია ინფორმაციაში.