სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მოლდოვის მოქალაქეებს უშბაზე 11 დღის მანძილზე ეძებდნენ. მწვერვალზე ლაშქრობისთვის წასული მოლდოველი ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან.