მაჭარაშვილი: ჯიმ რიშმა დაადასტურა ყველა მიზეზი, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება მოუწია

“ჯიმ რიშმა ყველა ის რეალური მიზეზი დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით და რის გამოც მოუწია „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სენატორის განცხადება “ნაცმოძრაობის” მიერ 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ჯიმ რიშმა სწორად გაანალიზა ის პროცესი, რაც შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა იმდენად სუსტი და დაგვიანებულია, რომ აზრი არ აქვს. ჯიმ რიშმა თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენად დააზიანა შეთანხმება, „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში მარტო აღმოჩნდა და დოკუმენტის ანულირება მოგვიწია. ჯიმ რიშმა სწორად გაანალიზა ის პროცესი, რაც, სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს არჩეული გზიდან არ გადაუხვევია და ეს ამერიკის წარმომადგენლებმაც კარგად იციან.

„რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, ამერიკის წარმომადგენლებს არ აქვთ ის განცდა, რომ საქართველომ ოდნავ მაინც გადაუხვია იმ კურსს, რასაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია. ეს არის ძირითადი საკითხი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადასტურებს, რომ ამერიკა არის ერთგული იმ ურთიერთობის, რაც მასთან გვაქვს, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. რაც ყველაზე მთავარია, რეგიონში საქართველოს წარმატებას, კონსულტაციებსა და რჩევებს ყურადღებით ვეკიდებით და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, ამერიკის ელჩი ყოველთვის ითვალისწინებდა და დღესაც გაითვალისწინებს საქართველოს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჯიმ რიშისა და კელი დეგნანის განცხადებების შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკა გააგრძელებს და უფრო გააღრმავებს იმ ურთიერთობას, რაც აქვს საქართველოსთან, ეს მათი სიტყვებია. ეს არა მხოლოდ მათი სიტყვებია, არამედ ამერიკის ხელმძღვანელი პირების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები