ირაკლი ღარიბაშვილი: 75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და ქვეყანა დაინგრა, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო
“2 დღეა, ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან, რომ „ქართულმა ოცნებამ” თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ, მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა დანაშაულია.
„გუშინ და დღეს, 2 დღეა, ურცხვად იტყუებიან, ეს ხომ შეურაცხყოფაა, როცა ტყუილს ამბობ ადამიანი, ჯერ ერთი კადრულობ და ტყუილს ღიად ამბობ, ესეც შეცდომაა და დანაშაული ის, რომ შეურაცხმყოფელ ტყუილს ეუბნები შენს მოსახლეობას; 2 დღეა, ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან, რომ „ქართულმა ოცნებამ” თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ, მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, ვთქვით. გამოდიან და იძახიან, რომ ეს სესხი კი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და პოლიტიკა და ყველაფერი ამაზე არის დამოკიდებული, რომ დაინგრა მთელი მსოფლიო, ქვეყანა დაინგრა. ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო და მეორეც – მათი ტელევიზიებიც აქ გვესწრებიან – და 24 საათის განმავლობაში მიდის ამის დემაგოგია.
კატასტროფაა რა თქმა უნდა, სირცხვილია. ეს ჩვენ არ გვიკვირს, იმიტომ, რომ აღარაფერი არ გვიკვირს ჩვენ მათი მხრიდან, ჩვენ ყველაფერი ვნახეთ უკვე. ამიტომ, მეგობრებო ეს გამოწვევაა. სადაც არის სიკეთე, იქ არის ბოროტება. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. სადაც არის სიმართლე იქ არის ტყუილი, სადაც არის ერთგულება იქ არის ღალატიც, სადაც არის მადლიერება იქ არის უმადურობა – ამ ფასეულობების ჭიდილი არის მთელი ჩვენი ცხოვრება. რეალურად ასე არის ადამიანის ცხოვრებაც ხომ, ეს არის ჭიდილი და არჩევანის გაკეთება კეთილსა და ბოროტს შორის – ვის მხარეს დადგები. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, მეგობრებო და ასე გავაგრძელებთ მუდმივად და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.