მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გაზარდოს ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი უზბეკეთის ბაზარზე. ამასთან , ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უზბეკური ინვესტიციების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვაც ახლო მომავალში საქართველოში იგეგმება.
მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეების თანამშრომლობის გაძლიერებას და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ბიზნესფორუმი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ერთობლივი ბიზნესინიციატივების განვითარებისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელზე. ხაზი გაესვა ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი.
შეხვედრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა – ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის დადებით გავლენას ტურისტული ნაკადების ზრდაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.