პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.