“საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევა და გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევა ქვეყნის სტაბილურობის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია”

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

,,საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევის შემთხვევაში პარლამენტში მოხვდებიან შემთხვევითი, 3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა. მათი გაჯიუტებისა და კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ყოველ წელს ან წელიწადში რამდენჯერმეც კი. ეს კი სწორედ პოლიტიკური კრიზისის შექმნის წყარო გახდება და გამოდის, რომ პარტიებს შორის შეთანხმებით მიღწეული ბარიერის 5-დან 2%-მდე შემცირება, რომელიც თითქოს პოლიტიკური სტაბილობისთვის არის მიღწეული, სინამდვილეში ამ სტაბილობის ძირის გამომთხრელი აღმოჩნდება. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილობისთვის ხელშემწყობი იქნება ბარიერის 4 ან მინიმუმ 3%-მდე დაწევა“, – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ.

,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, რეალურად, ოპოზიციის მოსაწონი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია და ამ შემთხვევაშიც გენერალური პროკურორი მხოლოდ 1 წლის ვადით იქნება არჩეული.

,,ქვეყნის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია გენერალური პროკურორის არჩევის პროექტიც. კერძოდ, შემოთავაზებულია მისი არჩევა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ით, ანუ 90 ხმით. ერთი შეხედვით, პროცესი თითქოს დემოკრატიულია, ვინაიდან გენპროკურორის ასარჩევად მოითხოვს ოპოზიციურ ხმებსაც. რეალურად, ოპოზიციის მოსაწონი ასეთი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია და ამ შემთხვევაშიც გენერალური პროკურორი მხოლოდ 1 წლის ვადით იქნება არჩეული 76 ხმით და ეს გრძელდება ყოველწლიურად. ანუ ქვეყანას ეყოლება მუდმივი გენერალური პროკურორი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, ანუ გამოიღებს იმის საწინააღმდეგო შედეგს, რისკენაც ეს ცვლილებაა მიმართული”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თვლიან, რომ ასეთი სახის საკონსტიტუციო ცვლილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას, რადგან ის შეიძლება, გახდეს პოლიტიკური კრიზისების სისტემატური ინსპირატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები