ირაკლი ღარიბაშვილი: სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი; სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება

“სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენი, და არამხოლოდ ჩვენი, მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა პანდემია, კორონავირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, შარშან გააჩერა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა. მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ გარდაიცვალა ვირუსის გამო. ჩვენს ქვეყანაშიც ვირუსი მძვინვარებს. ყველგან, მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე ტალღა. მთელს ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, დღიური 100 000 შეთხვევა და, სამწუხაროდ, ისრაელში, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ეფექტურად იმართა თავის დროზე, მოსახლეობის ნახევარი არ აიცრა, რის გამოც ისრაელში მეოთხე ტალღა დაიწყო.

მოდით, ვილაპარაკოთ ჩვენს თავზე – ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა ეკონომიკის. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა შარშან. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება.

ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები