„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს.