გიორგი ჩაფიძე: თვალჭრელიძის ქუჩაზე ათეულობით ადამიანთან მოხდა შეთანხმება ფართებთან, ვადებთან და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით

,,თვალჭრელიძის ქუჩაზე ათეულობით ადამიანთან მოხდა შეთანხმება ფართებთან, ვადებთან და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი დოკუმენტი და სია, სრული ინფორმაცია სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი”, – ამის შესახებ „ბლექ სი ფროფერთისის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ განაცხადა.

ამასთან, ჩაფიძე ამბობს, რომ მცხოვრებლებს მერიის და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი სახსრებით შესაბამის სუბსიდირებას უკეთებენ.

„წარმოვადგენ ქართულ კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც არის უცხოელი ინვესტორი, აზერბაიჯანის მოქალაქე. ჩვენი კომპანია ორი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მოცემულობით, დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რისი შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტი და კონტრაქტიც არსებობს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და აკრძალულია ასეთ შენობაში ცხოვრება. ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ არ ვაძლევთ თავიანთი ნივთების გატანის შესაძლებლობას. ამ წუთის მდგომარეობით, ისინი იმყოფებიან თავიანთ ფართებში, თხოვნის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოხდა მათი გათვალისწინება, გამოაქვთ ნივთები და ვეხმარებით შესაბამის ლოკაციებზე გადატანაში, რომელ მისამართსაც გვეუბნებიან. ყველაფერი იქნება გატანილი, გარდა დამონტაჟებული ქონებისა, რაშიც იგულისხმება ფანჯარა, კარი, იატაკი და ა.შ. რისი დემონტაჟიც ახლა მიმდინარეობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ნივთის გატანა მოხდა.

ათეულობით ადამიანთან მოხდა შეთანხმება. ისინი აწერენ ხელს დოკუმენტს, არსებობს შესაბამისი სიებიც. მოხდა შეთანხმება ფართებთან, ვადებთან და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით. მათ გადავუხადეთ თანხა, რაზეც ვიყავით შეთანხმებული, საუბარია ათასობით ლარზე და დატოვეს ტერიტორია საკუთარი ნებით. შესაბამისი დოკუმენტები და სიები არსებობს. ეს სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება და საზოგადოებისთვის სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ამ დოკუმენტებით ირკვევა ქირის, თანხის ოდენობა, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 300 ან 600 ლარი. ამასთან, როგორც ვიცით, მერიის და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავისი სახსრებით შესაბამის სუბსიდირებას უკეთებენ მცხოვრებლებს“, – განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები