საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს შეხვდა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ. ირაკლი შოთაძემ ლანა ოუვენსს საქართველოს პროკურატურის და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.
ასევე, შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის და პრიორიტეტების შესახებ და პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას საქართველოს პროკურატურის რეფორმირების პროცესში.