რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი – „რეზოს”
2021 წლის 25 ივლისს, 19:00 საათზე, საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, გაიმართება რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი.
პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს. კონცერტის ორგანიზატორები არიან: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი. საღამო ეძღვნება რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.
როგორც „კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საინტერესო საღამო ელოდებათ. “პროგრამაშია დმიტრი შოსტაკოვიჩი – კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი – „წერილები მეგობრებს“ – ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, დირიჟორი – ანდრეი ბორეიკო, სოლისტები – პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლოს დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტში შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსი ელმირა აივაზიანი (17 წლის).
დირიჟორი ანდრეი ბორეიკო სხვადასხვა დროს ვარშავის, იენის, ჰამბურგის, ბერნის, დიუსელდორფის, ვანკუვერის და ბელგიის ნაციონალურ ორკესტრებს ხელმძღვანელობდა. “გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი” შეიქმნა 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.